იგავნი 24
- 1
ბოროტი ადამიანების ნუ შეგშურდება და მათთან ყოფნას ნუ ისურვებ,
- 2
რადგან ძალადობას განიზრახავს მათი გული და ბოროტებაზე ლაპარაკობენ მათი ბაგეები.
- 3
სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით მტკიცდება იგი.
- 4
ცოდნის გამო ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საამური სიმდიდრით.
- 5
ბრძენი ადამიანი ძლიერია, მცოდნე კაცი ძალას იკრებს,
- 6
რადგან ბრძნული მითითებით წარმართავს ომს და მრავალი მრჩევლის წყალობით ექნება გამარჯვება.
- 7
მიუწვდომელია სიბრძნე უგუნურისთვის; კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის იგი.
- 8
ვინც სიავეს განიზრახავს, ბოროტგანმზრახველს უწოდებენ.
- 9
უგუნურის განზრახვა ცოდვაა და უზნეო კაცი საძაგელია ხალხისთვის.
- 10
თუ გაჭირვების დღეს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.
- 11
იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი და დასახოცად განწირულებს ნუ მიატოვებ!
- 12
თუ იტყვი: აჰა, არ ვიცოდიო ეს! განა ის, ვინც გულს წონის, ვერ მიხვდება? განა შენი სულის მცველმა არ იცის? განა კაცს თავისი საქმეებისამებრ არ მიუზღავს?
- 13
შვილო, ჭამე თაფლი, რადგან კარგია და გოლეული ფიჭაც ეტკბილება შენს სასას;
- 14
იცოდე, ასევეა სიბრძნე შენი სულისთვის; თუ ჰპოვე იგი - მომავალი გექნება და შენი იმედი არ წარიკვეთება.
- 15
ბოროტეულო! მართალი კაცის სამკვიდროს ნუ ჩაუსაფრდები და თავს ნუ დაესხმი მის სამყოფელს!
- 16
რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურების ჟამს წაბორძიკდებიან.
- 17
ნუ გაიხარებ შენი მტრის დაცემისას და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული;
- 18
თორემ დაინახავს უფალი, არ მოეწონება და მოაქცევს მისგან თავის რისხვას.
- 19
ბოროტმოქმედთა გამო ნუ გაბრაზდები და უმართლოსი ნუ შეგშურდება,
- 20
რადგან ბოროტს მომავალი არ გააჩნია და უკეთურთა ლამპარი ჩაქრება.
- 21
შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეებს ნუ გაეკარები.
- 22
რადგან მოულოდნელად მოვა მათგან განადგურება და ვინ იცის, რა უბედურებას დაგატეხენ?
- 23
ესეც ბრძენთა გამონათქვამია: მიკერძოება სასამართლოზე კარგი არ არის.
- 24
ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო, იმას ხალხები დასწყევლიან და ერები შეაჩვენებენ.
- 25
მის მამხილებელთ კი სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.
- 26
გულწრფელი პასუხი პირზე კოცნას ჰგავს.
- 27
დაასრულე შენი საქმე გარეთ, მოამზადე მინდორი, შემდეგ კი აიშენე სახლი.
- 28
ნუ გამოხვალ ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ, ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.
- 29
ნურც იმას იტყვი: როგორც მომექცა, ისევე მოვექცევი, თავისი ქცევისამებრ მივუზღავო.
- 30
ზარმაცი კაცის მინდორთან და ჭკუათხელი ადამიანის ვენახთან ჩავიარე;
- 31
აჰა, ჭინჭრითა და ეკლით იყო ყველაფერი დაფარული, ყორე კი ჩამონგრეულიყო.
- 32
როცა ეს ვნახე, დავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:
- 33
ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა მოსასვენებლად
- 34
და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.