იგავნი 23
- 1
როცა მთავართან დაჯდები სადილად, კარგად დააკვირდი, რა არის შენს წინ;
- 2
და ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.
- 3
ნუ მოისურვებ მის ნუგბარს, ვინაიდან მაცდურია ის პური.
- 4
ძალღონეს ნუ შეალევ სიმდიდრის შეძენას, შეეშვი ამაზე ფიქრს.
- 5
მიაპყრობ თვალებს და აღარ არის; არწივივით ფრთებს შეისხამს და ცად აფრინდება.
- 6
ძუნწი კაცის პურს ნუ შეჭამ და მის ნუგბარს ნუ ისურვებ,
- 7
რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი: ჭამე და სვიო გეტყვის, მისი გული კი შენთან არ იქნება.
- 8
ნაჭამ ლუკმას ამოარწყევ და ამაოდ დახარჯავ თავაზიან სიტყვებს.
- 9
ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან აბუჩად აიგდებს შენს გონივრულ სიტყვებს.
- 10
ნურც ძველ საზღვარს გადასცდები და ნურც ობოლთა მინდვრებზე გადახვალ,
- 11
ვინაიდან ძლიერია მათი გამომსყიდველი, ის შეგედავება მათ საქმეზე.
- 12
გული შენი დარიგებას მიაპყარ და ყური შენი - ცოდნის სიტყვებს.
- 13
წვრთნას ნუ დაუკავებ ყმაწვილს, წკეპლაც რომ მოსცხო, არ მოკვდება;
- 14
წკეპლით სცემ მას და შავეთისგან იხსნი მის სულს.
- 15
შვილო, თუ გული დაგიბრძენდება, ჩემი გულიც გაიხარებს;
- 16
ჩემი შინაგანიც გამხიარულდება, როდესაც სიმართლეს ილაპარაკებენ შენი ბაგენი.
- 17
ნურც ცოდვილებისა შეშურდება შენს გულს, არამედ უფლის შიში გქონდეს მუდამ,
- 18
რადგან არსებობს მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.
- 19
შვილო, ისმინე და დაბრძენდი; მიმართე შენი გული სწორ გზაზე.
- 20
ნურც ღვინის მსმელთა და ხორცით გაუმაძღართა შორის იქნები;
- 21
ვინაიდან გაღატაკდება ლოთი და ღორმუცელა, თვლემა კი ძონძებით შემოსავს მათ.
- 22
უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.
- 23
ჭეშმარიტება იყიდე და ნუ გაყიდი, შეიძინე სიბრძნე, დარიგება და გონიერება.
- 24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
- 25
გაიხარონ მამაშენმა და დედაშენმა; მოილხინონ შენმა მშობლებმა.
- 26
შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემი გზები დაიცვან.
- 27
ვინაიდან ღრმა ორმოა მეძავი და ვიწრო ჭა - უცხო ქალი.
- 28
ყაჩაღივითაა ჩასაფრებული და კაცთა შორის ორგულებს ამრავლებს.
- 29
ვინ ოხრავს და ვინ წუხს? ვინ დაობს და ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები და ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
- 30
ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს, ვინც შეზავებული ღვინის საჭაშნიკოდ დადის.
- 31
ნუ უყურებ ღვინის სიწითლეს, ფიალაში რომ ელვარებს და ლაღად გადადის ყელში.
- 32
ბოლოს გველივით იკბინება და ასპიტივით იგესლება.
- 33
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
- 34
და იქნები ზღვის შუაგულსა და ანძის წვერზე მძინარესავით.
- 35
იტყვი: "მცემდნენ და არ მტკიოდა! მირტყამდნენ და ვერ ვგრძნობდი! გავიღვიძებ და ისევ სასმელს დავუწყებ ძებნას”.