იგავნი 22
- 1
კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია, ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს.
- 2
მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ხვდებიან: ყველა მათგანის შემქმნელი კი უფალია.
- 3
გონიერი წინასწარ ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, ბრიყვი კი გზას აგრძელებს და ისჯება.
- 4
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.
- 5
უკუღმართს გზაზე ეკლები და ხაფანგები ხვდება, ის კი, ვინც საკუთარ თავს უფრთხილდება, შორს უვლის მათ.
- 6
გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
- 7
მდიდარი ღარიბზე ბატონობს, მსესხებელი კი გამსესხებელს ემონება.
- 8
უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის; მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება.
- 9
კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან თავისი საზრდოდან უწილადებს ღარიბებს.
- 10
გააგდე დამცინავი და დავაც თან გაჰყვება, ჩხუბსაც და დავიდარაბასაც ბოლო მოეღება.
- 11
ვისაც სუფთა გული აქვს და მადლიანი ლაპარაკი უყვარს, მისი მეგობარი მეფეა.
- 12
უფლის თვალები ცოდნას იცავენ, მოღალატის ნათქვამს კი ძირს დასცემს.
- 13
ზარმაცი ამბობს: ლომიაო გარეთ, მომკლავსო - შუა ქუჩაში.
- 14
ღრმა ორმოა უცხო ქალის პირი, უფლის მიერ შერისხული ჩავარდება შიგ.
- 15
სიბრიყვე მიეკრა ყმაწვილის გულს; შეგონების კვერთხი გამოდევნის მას.
- 16
ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.
- 17
ყური დაუგდე, ბრძენთა სიტყვები მოისმინე და ცოდნისკენ მოაქციე გული,
- 18
ვინაიდან, გეამება თუ გულში შეინახავ მათ და მუდამ ბაგეზე გექნება.
- 19
დღეს შენც გაუწყებ მათ, რომ უფალზე იყო დანდობილი.
- 20
განა არ მოგწერე, რჩევითა და ცოდნით სავსე ოცდაათი გამონათქვამი,
- 21
რომ მეჩვენებინა შენთვის, რა არის ჭეშმარიტი და მართალი, რათა ჭეშმარიტებით უპასუხო შენს მომავლინებელთ?
- 22
ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღატაკია; საწყალს ნუ დაჩაგრავ კარიბჭესთან,
- 23
რადგან უფალი იდავებს მათ დავას და წაიღებს მათი მძარცველების სიცოცხლეს.
- 24
ნუ დაუმეგობრდები ბრაზიანს და ფიცხ კაცს ნუ დაემგზავრები,
- 25
რომ არ ისწავლო მისი გზები და მახეში არ გააბა საკუთარი თავი.
- 26
ნუ იქნები იმათგანი ხელს რომ ურტყამენ ხელზე და თავდებად უდგებიან სესხზე,
- 27
რადგან თუ ვერ გადაიხდი, ქვეშაგებსაც კი გამოგაცლიან ძირიდან.
- 28
ნურც შენი მამების მიერ ძველთაგანვე დადგენილ მიჯნას გადასწევ.
- 29
გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი, და არა მდაბიოთა წინაშე.