იგავნი 21
- 1
მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიუშვებს.
- 2
კაცის ყველა გზა მართებულია მის თვალში, მაგრამ უფალი გულებს სწონის.
- 3
სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის.
- 4
ზვიადი თვალები და ამაყი გული - უკეთურთა ლამპარი და ცოდვაა.
- 5
ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, დაუდევარი კი გაღატაკდება.
- 6
მატყუარა ენით სიმდიდრის მოხვეჭა წარმავალი ორთქლია და სიკვდილის მახე.
- 7
უმართლოთა ძალადობა მათვე მიუბრუნდება, ვინაიდან სამართლის ქმნა უგულებელჰყვეს.
- 8
მრუდეა უმართლოს გზა, სუფთა კაცი კი პირდაპირია მოქმედებაში.
- 9
ერდოს კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
- 10
ბოროტი სწადია უმართლოს გულს, წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მოყვასი.
- 11
დამცინავის დასჯისას გულუბრყვილო გონიერდება ბრძენი კი შეგონებით იძენს ცოდნას.
- 12
აკვირდება მართალი უმართლოს სახლს, როგორ ეცემა და ნადგურდება.
- 13
ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.
- 14
ფარულად მიძღვნილი საჩუქარი რისხვას აცხრობს და ქრთამი უბეში - ძლიერ გულისწყრომას.
- 15
სიმართლის ქმნა - სიხარულია მართლისთვის და შიშის ზარი - ბოროტის მქმნელისთვის.
- 16
გონიერების გზიდან გადავარდნილი ადამიანი მკვდართა კრებულში დაისვენებს.
- 17
სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
- 18
ბოროტეული მართლის გამოსასყიდია, მოღალატე კი - გულწრფელისა.
- 19
უდაბურ მიწაზე ცხოვრება სჯობს, ანჩხლ და ბრაზიან ქალთან ყოფნას.
- 20
სანუკვარი განძი და ზეთია ბრძენის სახლში, ბრიყვი კაცი კი შთანთქავს მათ.
- 21
სიმართლისა და მოწყალების მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლესა და პატივს ჰპოვებს.
- 22
ძლიერთა ქალაქს დაიპყრობს ბრძენი და დაანგრევს მის საიმედო სიმაგრეს.
- 23
ვინც თავის ბაგესა და ენას უფრთხილდება უბედურებისგან იცავს თავის თავს.
- 24
ამაყი, ქედმაღალი და დამცინავია მისი სახელი, ვინც ამპარტავნულად მოქმედებს.
- 25
ზარმაცს საკუთარი სიხარბე კლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ მუშაობაზე;
- 26
მთელ დღეს ხარბად სწადია რაღაც, მართალი კი გასცემს და არ ზოგავს.
- 27
უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა, მით უმეტეს, თუ ცბიერებით მოაქვს იგი.
- 28
ცრუ მოწმე მოიკვეთება, ჭეშმარიტების გამგონი კაცი კი მუდამ ილაპარაკებს.
- 29
ბოროტი კაცი სახეს ისასტიკებს, მართალი კი თავის გზას აკვირდება.
- 30
არ არსებობს სიბრძნე, გონება და რჩევა, უფალს რომ დაუპირისპირდეს.
- 31
ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.