იგავნი 20
- 1
ღვინო მასხრად აგიგდებს, მაგარი სასმელი შფოთს აგატეხინებს; ვინც მათ ეტანება უგუნურია.
- 2
მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასავითაა, მისი განმარისხებელი თავს საფრთხეში იგდებს.
- 3
დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.
- 4
ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.
- 5
კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გონიერი კაცი კი ამოზიდავს მას.
- 6
ბევრს მოაქვს თავი ერთგულ ადამიანად, მაგრამ სანდო კაცს ვინ იპოვის?
- 7
მართალი თავის უბიწობით დადის, ნეტარნი არიან მისი ძენი მის შემდეგ.
- 8
მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
- 9
ვინ იტყვის: გული გავისუფთავე, განწმედილი ვარო ჩემი ცოდვისგან?
- 10
მრუდე საწონი, მრუდე საზომი - ერთიც და მეორეც სისაძაგლეა უფლისთვის.
- 11
ბავშვიც კი იცნობა თავისი საქციელით, სუფთა და მართალი თუა მისი ნამოქმედარი.
- 12
მსმენელი ყური და მხილველი თვალი - ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
- 13
ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები.
- 14
არ ვარგა, არ ვარგაო - ამბობს მყიდველი; მაგრამ წავა და ნავაჭრით ტრაბახობს.
- 15
არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი სამკაული - გონიერი ბაგეებია.
- 16
აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს უდგება თავდებად. უცხოს წილად გამოართვი გირაო.
- 17
ტკბილია კაცისთვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაევსება პირი.
- 18
ყველა გეგმა რჩევით მტკიცდება; ბრძნული მითითებით წარმართე ომი.
- 19
დაიარება ცილისმწამებელი და საიდუმლოს ამხელს; ჭორიკანას ნუ დაუახლოვდები.
- 20
დედ-მამის მაწყევარს უკუნეთ სიბნელეში ჩაუქრება ლამპარი.
- 21
სწრაფად შეძენილი ქონება, საბოლოოდ კურთხეული არ იქნება.
- 22
ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.
- 23
სისაძაგლეა უფლისთვის ორგვარი საწონი, მატყუარა სასწორი არ არის კარგი.
- 24
ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს, როგორღა გაიგოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
- 25
კაცისთვის მახეა რაიმეს ნაჩქარევად შერაცხვა ‘წმიდად’ და აღთქმის დადების შემდეგ დაფიქრება.
- 26
გაფანტავს ბოროტეულთ ბრძენი მეფე და კევრით გალეწავს მათ.
- 27
უფლის ლამპარია კაცის სული, მთელი მისი წიაღის გამომკვლეველი.
- 28
წყალობა და ჭეშმარიტება იცავს მეფეს, სიმართლით განამტკიცებს თავის ტახტს.
- 29
ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი - მათი ჭაღარა.
- 30
ბოროტისგან განწმენდს მათრახით მიყენებული ჭრილობები და დარტყმები - შიგანს რომ წვდება.