იგავნი 19
- 1
უბიწოდ მავალი ღარიბი სჯობს, მრუდებაგიანსა და თანაც უგუნურს.
- 2
ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს - შესცოდავს.
- 3
ადამიანს თავისი უგუნურება უმრუდებს გზაკვალს, მისი გული კი უფალზე წყრება.
- 4
ქონება მრავალ მეგობარს ჰმატებს, უქონელს თავისი მოყვასიც კი შორდება.
- 5
სასჯელს ვერ აცდება ცრუ მოწმე და ვერ გადარჩება ტყუილის მოლაპარაკე.
- 6
მრავალი ეძიებს დიდებულთა კეთილგანწყობას და ყველა მეგობრობს საჩუქრების დამრიგებელთან.
- 7
ძმებსაც კი სძულთ ღარიბი კაცი; კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები; ევედრება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.
- 8
სიბრძნის შემძენს თავისი თავი უყვარს; ვინც გონიერებას ინარჩუნებს სიკეთეს ჰპოვებს.
- 9
ცრუ მოწმე სასჯელს ვერ აცდება და ტყუილების მოლაპარაკე დაიღუპება.
- 10
ბრიყვს არ შეეფერება ფუფუნება, მით უმეტეს მონას - მთავრებზე ბატონობა.
- 11
განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს; მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.
- 12
ლომის ბრდღვინვასავითაა მეფის რისხვა, მისი კეთილგანწყობა კი ბალახზე დაფენილი ცვარივით.
- 13
ბრიყვი ვაჟი მამის უბედურებაა, ცოლის ჭირვეულობა კი შეუწყვეტელი წვეთა.
- 14
სახლი და ქონება - მამისგან მიღებული მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისგანაა.
- 15
სიზარმაცემ ძილქუში იცის და უქნარა კაცი იშიმშილებს.
- 16
მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება.
- 17
ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.
- 18
გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.
- 19
ფიცხი და მრისხანე კაცი მკაცრად დასაჯე, რადგან თუ დაინდობ, მაინც მოგიწევს დასჯა.
- 20
შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
- 21
მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
- 22
კაცი თავისი სიკეთით ფასობს; გაჭირვებული სჯობს მატყუარას.
- 23
უფლის შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი; კმაყოფილი დაიძინებს და ბოროტება არ ეწევა.
- 24
ზარმაცი ლანგარში ჩაყოფს ხელს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.
- 25
დამცინავს სცემე და გულუბრყვილო დაჭკვიანდება; შეაგონე კეთილგონიერს და მიხვდება.
- 26
მამის გამძარცველი და დედის გამგდები შემარცხვენელი და უპატიო შვილია.
- 27
ჩემო შვილო, შეწყვიტე იმ დარიგების მოსმენა, რომელიც გონიერი ნათქვამიდან გადახვევას მოგიწოდებს.
- 28
აბუჩად იგდებს სამართალს არამზადა მოწმე, ბოროტთა პირი უმართლობას ყლაპავს.
- 29
აბუჩად ამგდებთათვის სასჯელია გამზადებული, რეგვენთა ზურგისთვის კი - ცემა.