იგავნი 18
- 1
თავნება კაცი თავის სურვილებს მიჰყვება და ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგება.
- 2
ბრიყვს გონიერება კი არ ეამება, არამედ მხოლოდ თავისი აზრის - გამხელა.
- 3
მოვა ბოროტი კაცი და მოჰყვება სიძულვილი, უღირსობას კი შერცხვენა მოჰყვება.
- 4
კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო - მოჩუხჩუხე ნაკადული.
- 5
არ არის კარგი დამნაშავესადმი მიმხრობა, არც მართლის გამტყუნება სამსჯავროზე.
- 6
ბრიყვის ბაგეები დავას იწვევს და მისი პირი დასარტყმელად მოუწოდებს.
- 7
ბრიყვს თავისი პირი ღუპავს, მისი ბაგეები მისივე სულის მახეა.
- 8
ჭორის გამავრცელებლის სიტყვები ნუგბარივითაა, მუცლის სიღრმემდე აღწევენ.
- 9
თავის საქმეში დაუდევარი დამაქცევლის ძმაა.
- 10
უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.
- 11
მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.
- 12
დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას - თავმდაბლობა.
- 13
მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
- 14
კაცის სულს სნეულების ატანა შეუძლია, მაგრამ ვინ აიტანს შემუსვრილ სულს?
- 15
გონიერის გული ცოდნას იძენს და ბრძენის ყური ცოდნას ეძიებს.
- 16
ძღვენი გზას უფართოებს კაცს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
- 17
თითქოს მართალია დავის წამომწყები, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და გამოიძიებს მას.
- 18
წილისყრა ბოლოს უღებს დავას და აშველებს ძლიერებს.
- 19
განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის ურდულებს ჰგავს.
- 20
კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი.
- 21
სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს.
- 22
ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლის კეთილგანწყობა მოიხვეჭა.
- 23
ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
- 24
არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი - ძმაზე უფრო ახლობელი.