იგავნი 17
- 1
ხმელი პურის ნაჭერი და სიმშვიდე სჯობს, საკლავით სავსე სახლსა და დავიდარაბას.
- 2
გონიერი მსახური იბატონებს შემარცხვენელ შვილზე და ძმებს შორის გაინაწილებს მემკვიდრეობას.
- 3
ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, გულებს კი უფალი გამოსცდის.
- 4
ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.
- 5
ღარიბის აბუჩად ამგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.
- 6
სიბერის გვირგვინი შვილიშვილებია, შვილებისათვის კი დიდება მათი მამაა.
- 7
უგუნურს მჭევრმეტყველება არ უხდება, მითუმეტეს წარჩინებულს - ცრუ ბაგენი.
- 8
ქრთამი ჯადოსნური ქვაა მისი მფლობელის თვალში, საითაც მიმართავს, წარმატებას აღწევს.
- 9
დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულს ეძებს, ხოლო დანაშაულის შემხსენებელი ახლობლებს აშორებს.
- 10
გაკიცხვა უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.
- 11
მეამბოხე მხოლოდ ბოროტებას დაეძებს, ამიტომ სასტიკი ანგელოზი გაეგზავნება მას.
- 12
სჯობს ბელდაკარგული დათვი შეხვდეს კაცს, ვიდრე ბრიყვი თავისი სისულელით.
- 13
ვინც სიკეთის წილ ბოროტს მიაგებს, სახლში სიავე არ გამოელევა.
- 14
წყლის გაშვებას ჰგავს ჩხუბის დაწყება. შეწყვიტე დავა, სანამ გადმოხეთქავდეს.
- 15
ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.
- 16
რისთვის აქვს ბრიყვს სიბრძნის შესაძენი ფული ხელში, მას ხომ გონიერება არ გააჩნია?!
- 17
მეგობარს ყოველთვის ეყვარები, ძმა კი უბედურებაში დასახმარებლად არის შობილი.
- 18
უგუნური ადამიანი ხელს ხელზე ურტყამს და თავდებად უდგება სხვას.
- 19
დანაშაულის მოყვარულს ჩხუბი უყვარს, თავისი კარიბჭის მაღლა ამწევი კი განადგურებას ეძებს.
- 20
გულმრუდი ვერ ჰპოვებს სიკეთეს, მზაკვარი ენის პატრონი უბედურებაში ჩავარდება.
- 21
ვინც ბრიყვს შობს, ისევ თავისდა სამწუხაროდ; ვერ ხარობს უგუნურის მამა.
- 22
მხიარული გული კარგი მკურნალია, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
- 23
ქრთამს უბიდან იღებს უკეთური, რათა მართლმსაჯულების გზები გაამრუდოს.
- 24
გონიერი კაცი სიბრძნეს უმზერს, ბრიყვი კი თვალებს დედამიწის კიდემდე აცეცებს.
- 25
ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.
- 26
არ არის კარგი მართლის დაჯარიმება და არც კეთილშობილთა ცემა მათი სიმართლის გამო.
- 27
სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული - გაგების უნარის მქონე.
- 28
მდუმარე ბრიყვიც კი ბრძნად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული - გონიერად.