იგავნი 16
- 1
გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.
- 2
კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი სწონის სულებს.
- 3
უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები განმტკიცდება.
- 4
უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისთვის შექმნა, ბოროტეულიც კი - ავი დღისთვის.
- 5
ყველა გულით ამაყი საძაგელია უფლისთვის, უსათუოდ დაუსჯელი ვერ გადარჩება ასეთი.
- 6
წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.
- 7
როდესაც მოსაწონია უფლისათვის კაცის გზები, მტერთანაც კი შეარიგებს მას.
- 8
სჯობს სიმართლით მცირედი, უმართლობით მოხვეჭილ დიდ შემოსავალს.
- 9
კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
- 10
ღვთიური განაჩენია მეფის ბაგეზე, განკითხვისას არ უნდა უმართლობდეს მისი პირი.
- 11
მართალი სასწორი და საწყაო აქვს უფალს, მისი შექმნილია აბგის ყველა საწონი.
- 12
სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.
- 13
მოსაწონია მეფეთათვის მართალი ბაგენი და უყვართ მათ წრფელად მოლაპარაკენი.
- 14
სიკვდილის მაუწყებელია მეფის რისხვა, ბრძენი კი დააცხრობს მას.
- 15
მეფის ხალას მზერაში სიცოცხლეა, მისი კეთილგანწყობა კი გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.
- 16
სიბრძნის შეძენა ოქროზე ბევრად უკეთესია, გონიერების შეძენა - რჩეულ ვერცხლზე უმჯობესი.
- 17
წრფელთა გზა ბოროტებისგან განშორებაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს უფრთხილდება.
- 18
დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას - ქედმაღლობა.
- 19
ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და მდაბიოებთან იყო, ვიდრე ამაყებთან იყოფდე ნადავლს.
- 20
საქმის გონივრულად მკეთებელი სიკეთეს ჰპოვებს; ნეტარია უფალზე დაიმედებული.
- 21
გულით ბრძენს გონიერს უწოდებენ, ტკბილი საუბარი დამაჯერებლობას მატებს.
- 22
გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.
- 23
ბრძენის გული გონიერს ხდის მის პირს და მის ბაგეთ ცოდნას მატებს.
- 24
სასიამოვნო სიტყვები გოლეული თაფლივითაა, ტკბილი - სულისთვის და კურნება - ძვლებისთვის.
- 25
არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილია.
- 26
მშრომელს თავისი მადა აშრომებს, შიმშილი უბიძგებს შრომისკენ.
- 27
უღირსი კაცი სიავეს განიზრახავს, მწველი ცეცხლივითაა მისი სიტყვები.
- 28
უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
- 29
მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე ატარებს.
- 30
ვინც თვალებს ჭუტავს უკუღმართობას განიზრახავს, ვინც ბაგეს იკვნეტს ბოლომდე მიჰყავს ბოროტი ზრახვები.
- 31
ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
- 32
რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი ქალაქის ამღებს.
- 33
წილს კალთაში ყრიან, მაგრამ ყველა განაჩენი უფლისგან მოდის.