იგავნი 15
- 1
ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.
- 2
ბრძენთა ენა ცოდნას მიმზიდველს ხდის, ბრიყვთა პირი კი სისულელეს აფრქვევს.
- 3
ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
- 4
მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.
- 5
ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.
- 6
მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.
- 7
ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გონებას კი ეს არ შეუძლია.
- 8
უფლისთვის ბოროტეულის მსხვერპლი სისაძაგლეა, წრფელთა ლოცვა კი საამურია მისთვის.
- 9
უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
- 10
მკაცრი სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
- 11
უფლის წინაშე ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაშიშვლებული, მით უმეტეს ადამის შვილთა გულები.
- 12
დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.
- 13
მხიარული გული სახესაც ამხიარულებს, გულის წუხილისას კი სული შემუსრულია.
- 14
კეთილგონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება.
- 15
ავია ჩაგრულის ყოველი დღე, მხიარულ გულს კი მუდამ ლხინი აქვს.
- 16
მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.
- 17
სჯობს გქონდეს ბოსტნეულის სადილი და სიყვარული, ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად.
- 18
ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.
- 19
ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.
- 20
ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
- 21
ბრიყვის სიხარული უგუნურებაა, გონიერი კაცი კი სწორი გზით დადის.
- 22
რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.
- 23
კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.
- 24
ბრძენის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა დაბლა ქვესკნელს განერიდოს.
- 25
ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.
- 26
საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.
- 27
მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
- 28
დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.
- 29
შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
- 30
ნათელი თვალები გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
- 31
სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.
- 32
დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.
- 33
უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.