იგავნი 12
- 1
შეგონების მოყვარულს ცოდნა უყვარს, ბრიყვს კი ეჯავრება მხილება.
- 2
კეთილი კაცი უფლისგან მადლს მოიხვეჭს, ავისმზრახველ კაცს კი მსჯავრს დასდებს.
- 3
კაცი ბოროტებით ვერ დაფუძნდება, მართალთა ფესვი კი არ შეირყევა.
- 4
გამრჯე ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ძვლების ხრწნასავითაა.
- 5
მართალთა ფიქრები სამართლისკენაა, ბოროტეულთა ზრახვები კი ვერაგობისკენ.
- 6
ბოროტეულთა სიტყვები სისხლის დასაღვრელად აქეზებენ, მართალთა ბაგეები კი იხსნიან მათ.
- 7
დაემხობიან ბოროტეულნი და აღარ იქნებიან, მართალთა სახლი კი იდგება.
- 8
კაცს მისი გონიერების მიხედვით შეაქებენ, გულმრუდეს კი მოიძულებენ.
- 9
სჯობს უბრალო კაცი იყო და მსახური გყავდეს, ვიდრე დიდებულად მოგქონდეს თავი და პური გაკლდეს.
- 10
მართალი თავისი პირუტყვის სიცოცხლეზეც ზრუნავს, ხოლო ბოროტეულთა სიბრალულიც კი სასტიკია.
- 11
თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი ჭკუანაკლულია.
- 12
უკეთურს ბოროტეულთა ნადავლი სწადია, მართლის ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს.
- 13
ბოროტი თავისი ცოდვილი ბაგეებით ებმება მახეში, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
- 14
თავისი პირის ნაყოფის გამო სიკეთით გაძღება კაცი. თავისი ხელის საზღაური უკან უბრუნდება ადამიანს.
- 15
სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.
- 16
უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას, გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.
- 17
ჭეშმარიტების მოლაპარაკე სიმართლეს ამბობს, ცრუმოწმე კი - სიცრუეს.
- 18
ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენის ენა კი კურნებაა.
- 19
ჭეშმარიტებით სავსე ბაგენი სამარადისოდ დაფუძნდებიან, ცრუ ენა კი წამიერია.
- 20
ავისმზრახველთა გულში სიცრუეა, მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ.
- 21
არავითარი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ბოროტეულნი კი უბედურებით არიან სავსენი.
- 22
ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ერთგულნი კი ახარებენ მას.
- 23
გონიერი კაცი ცოდნას ფარავს, უგუნურთა გული კი სისულელეს აცხადებს.
- 24
ბეჯითის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი მონად იქცევა.
- 25
დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
- 26
მართალი კაცი თავისი მოყვასის დამკვალიანებელია, ბოროტეულთ კი მათივე გზა დაღუპავს.
- 27
ზარმაცი კაცი ნანადირევსაც კი არ შეიწვავს, კაცის ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეა.
- 28
სიმართლის გზაზე სიცოცხლეა; სიკვდილი არ არის მის ბილიკებზე.