იგავნი 13
- 1
ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.
- 2
თავის პირის ნაყოფთაგან იგემებს კაცი სიკეთეს, მოღალატეთა წადილი კი ძალადობაა.
- 3
ვინც თავის ბაგეს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს; ბაგემორღვეულს კი განადგურება მოელის.
- 4
ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.
- 5
მართალს სძულს სიყალბე, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.
- 6
უბიწო გზით მავალს სიმართლე იცავს, ცოდვილს კი ბოროტება ღუპავს.
- 7
ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და - არაფერი არა აქვს, ზოგი კი ღარიბად - და დიდი ქონება აქვს.
- 8
ადამიანის სიცოცხლის გამოსასყიდი მისი სიმდიდრეა, ღარიბი კი მუქარასაც არ მოისმენს.
- 9
მართალთა სინათლე კაშკაშებს, ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.
- 10
ქედმაღლობასა და თავხედობას მხოლოდ შეხლა-შემოხლა მოსდევს, რჩევის მძებნელთ კი სიბრძნე აქვთ.
- 11
არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.
- 12
გაცრუებული იმედი გულს ასნეულებს, ასრულებული წადილი კი სიცოცხლის ხეა.
- 13
სიტყვის აბუჩად ამგდები თავს იზიანებს, მცნების მოშიშს კი საზღაური ელის.
- 14
ბრძენისგან დამოძღვრა სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეების ამრიდებელი.
- 15
კეთილგონიერება წყალობას გაპოვნინებს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა.
- 16
ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს, რეგვენი კი სიბრიყვეს ავლენს.
- 17
უკეთური მაცნე ჭირში ვარდება, ერთგულ დესპანს კი კურნება მოაქვს.
- 18
დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.
- 19
ტკბილია სულისთვის ასრულებული წადილი, უგუნურთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისგან განდგომა.
- 20
ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.
- 21
ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.
- 22
კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისთვის ინახება.
- 23
ღარიბი კაცის დაუმუშავებელ მიწაზეც შეიძლება უხვი საზრდო მოვიდეს, მაგრამ უსამართლობის გამო აღიგვება.
- 24
წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.
- 25
მართალი ძღომამდე ჭამს, ბოროტეულთა მუცელს კი მუდამ შია.