იგავნი 11
- 1
მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.
- 2
მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.
- 3
წრფელთ უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს.
- 4
ქონება ვერ გასარგებლებს რისხვის დღეს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
- 5
უბიწოს სიმართლე გაუსწორებს გზას, ბოროტი კი თავისი ბოროტებით ეცემა.
- 6
წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი თავისი ბოროტი ვნებებით შეიპყრობიან.
- 7
მოკვდება უმართლო და მისადმი მოლოდინიც კვდება, იღუპება მის შეძლებაზე დამყარებული იმედი.
- 8
მართალი თავს დააღწევს განსაცდელს, მის ნაცვლად ბოროტს ეწევა იგი.
- 9
უღმერთონი თავისი პირით ღუპავენ მოყვასს, ხოლო მართალი ცოდნით გამოიხსნება.
- 10
მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვისას კი ყიჟინას დასცემს.
- 11
წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
- 12
გონიერებას მოკლებული ზიზღს გამოხატავს ახლობლისადმი, გონიერი კაცი კი დუმს.
- 13
ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.
- 14
რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.
- 15
ვინც თავდებად უდგება უცხოს, უსათუოდ დაზიანდება, თავდებობის მოძულე კი უსაფრთხოდ იქნება.
- 16
მადლიანი ქალი პატივს იხვეჭს, უმოწყალონი კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
- 17
მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის თავს, სასტიკი კი თავისივე სხეულს აზიანებს.
- 18
უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.
- 19
სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მიმდევარს კი სიკვდილი დაატყდება.
- 20
გულმრუდნი საძულველნი არიან უფლისთვის, სწორი გზით მავალნი კი სათნონი არიან მისთვის.
- 21
ხელს ხელზე დავარტყამ, რომ ვერ გაექცევა სასჯელს ბოროტი, მართალთა მოდგმა კი გამოხსნილ იქნება.
- 22
ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედივითაა ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი.
- 23
მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, ბოროტეულთა მოლოდინი კი რისხვა.
- 24
ზოგი ხელგაშლილია, მაგრამ გამუდმებით ემატება, ზოგი ხელმოჭერილია, მაგრამ მაინც უჭირს.
- 25
გულუხვი კაცი წარმატებული იქნება; სხვათა დამარწყულებელი, თვითონაც დარწყულდება.
- 26
მარცვლეულის დამჭერს ერი წყევლის, გამცემის თავზე კი კურთხევაა.
- 27
სიკეთის გულმოდგინედ მაძიებელი, კეთილგანწყობას მოიხვეჭს, ბოროტების მაძიებელს კი ბოროტება მოეწევა.
- 28
თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.
- 29
თავისი სახლეულის შემაჭირვებელი ქარს დაიმკვიდრებს; სულელი გულბრძენის მსახური იქნება.
- 30
მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.
- 31
აჰა, მართალს მიეზღვება მაგიერი ამ ქვეყნად, მითუმეტეს - უმართლოსა და ცოდვილს.