ფსალმუნები 87
- 1
გალობა.ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდისლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.
- 2
მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
- 3
რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
- 4
შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
- 5
მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
- 6
მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
- 7
მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.
- 8
შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.
- 9
თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.
- 10
ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.
- 11
განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?
- 12
შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
- 13
მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
- 14
რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?
- 15
ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.
- 16
თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
- 17
გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.
- 18
შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.