ფსალმუნები 88
- 1
მოძღვრება ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.
- 2
რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი.
- 3
დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:
- 4
უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს. სელა.
- 5
განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში.
- 6
რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
- 7
ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
- 8
უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა.
- 9
შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
- 10
შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
- 11
შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
- 12
ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
- 13
შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.
- 14
სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
- 15
ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
- 16
შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
- 17
რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
- 18
რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.
- 19
მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი: ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან.
- 20
ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.
- 21
რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა მკლავმა გაამაგროს.
- 22
ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას.
- 23
მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
- 24
ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი.
- 25
ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
- 26
ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა;
- 27
მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,
- 28
უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.
- 29
და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი - ვითარცა დღენი ცისანი.
- 30
თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
- 31
თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
- 32
კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.
- 33
მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას.
- 34
არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
- 35
ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით, განა ვეცრუები დავითს?
- 36
მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ.
- 37
მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა.
- 38
მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე.
- 39
უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი.
- 40
მოშალე ყველა ზღუდენი მისნი, ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი.
- 41
გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.
- 42
მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
- 43
თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში.
- 44
გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
- 45
შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა.
- 46
როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?
- 47
გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?
- 48
ვის არის ვაჟკაცი - იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი, გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან? სელა.
- 49
სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით?
- 50
გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან.
- 51
როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.
- 52
კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ!