ფსალმუნები 85
- 1
ლოცვა დავითის. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე.
- 2
დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს.
- 3
შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.
- 4
ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.
- 5
რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
- 6
მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
- 7
ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.
- 8
არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.
- 9
ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
- 10
რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი.
- 11
დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
- 12
გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე.
- 13
რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან.
- 14
ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა კრებულმა მოინდომა ჩემი სული, და არ წარმოგიდგინეს თავიანთ წინაშე.
- 15
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
- 16
პირი ჰქენ ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა.
- 17
მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.