ფსალმუნები 84
- 1
გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა.
- 2
აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა.
- 3
აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.
- 4
მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.
- 5
ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?
- 6
ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით?
- 7
გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი.
- 8
მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე და თავის წმიდანებზე, და აღარ გაიმეორებენ სიბრიყვეს.
- 9
მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
- 10
შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
- 11
ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს.
- 12
უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს.
- 13
სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.