ფსალმუნები 73
- 1
მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
- 2
გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
- 3
წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
- 4
შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
- 5
ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
- 6
და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
- 7
ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
- 8
თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
- 9
ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
- 10
ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
- 11
რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
- 12
ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
- 13
შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
- 14
შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
- 15
შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
- 16
შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
- 17
შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
- 18
გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
- 19
მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
- 20
მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
- 21
ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
- 22
ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.