ფსალმუნები 72
- 1
ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.
- 2
მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.
- 3
რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
- 4
რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.
- 5
ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.
- 6
ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
- 7
სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
- 8
ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
- 9
მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.
- 10
ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე თასიდან.
- 11
და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება უზენაესს?
- 12
აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.
- 13
ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები.
- 14
და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით.
- 15
რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
- 16
და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.
- 17
ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.
- 18
მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.
- 19
როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!
- 20
როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.
- 21
როცა გული დამიძმარდა და შიგნეულობა დამეფლითა,
- 22
უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე.
- 23
ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.
- 24
შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.
- 25
ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
- 26
ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
- 27
რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.
- 28
ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.