ფსალმუნები 71
- 1
სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.
- 2
გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.
- 3
მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა - სიმართლე.
- 4
გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
- 5
შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.
- 6
იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.
- 7
მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
- 8
და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
- 9
მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
- 10
თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
- 11
და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
- 12
რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
- 13
შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.
- 14
ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში.
- 15
იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.
- 16
იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.
- 17
მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას.
- 18
კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.
- 19
და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!
- 20
დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.