ფსალმუნები 62
- 1
ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
- 2
ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
- 3
რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
- 4
ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
- 5
ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
- 6
როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.
- 7
რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.
- 8
შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.
- 9
ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.
- 10
მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან.
- 11
მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.