მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 61

  1. 1

    გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.

  2. 2

    მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.

  3. 3

    ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული.

  4. 4

    განიზრახავენ მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. სელა.

  5. 5

    მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.

  6. 6

    მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.

  7. 7

    ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი ძალისა და ჩვმი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.

  8. 8

    მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.

  9. 9

    მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.

  10. 10

    არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

  11. 11

    ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.

  12. 12

    და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.