ფსალმუნები 63
- 1
გუნდის ლოტბარს,ფსალმუნი დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.
- 2
დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.
- 3
რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა,
- 4
რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
- 5
ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ?
- 6
ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა.
- 7
და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
- 8
საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
- 9
და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან.
- 10
გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები.