ფსალმუნები 6
- 1
უფალო, შენი რისხვით ნუ მამხელ და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.
- 2
შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
- 3
ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე?
- 4
შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
- 5
რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას?
- 6
მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
- 7
დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
- 8
განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
- 9
ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
- 10
გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.