ფსალმუნები 7
- 1
გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.
- 2
რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
- 3
უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,
- 4
თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -
- 5
დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
- 6
აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.
- 7
გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
- 8
უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
- 9
შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
- 10
ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
- 11
ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
- 12
მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
- 13
მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
- 14
აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
- 15
ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
- 16
მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
- 17
ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.