ფსალმუნები 5
- 1
ყურად იღე ჩემი ნათქვამი, უფალო, ჩასწვდი ჩემს წუხილს.
- 2
ისმინე ჩემი ღაღადი, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ გევედრები.
- 3
უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
- 4
რადგან არა ხარ სიავის მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
- 5
ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე და გძულს ყველა ჩამდენი უსამართლობისა.
- 6
შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
- 7
მე კი შენი უხვი წყალობის გამო შემოვალ შენს სახლში, მოწიწებით გცემ თაყვანს შენს წმიდა ტაძარში.
- 8
უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, მოასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
- 9
რადგან არ არის სიწრფელე მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, ხორხი მათი ღია საფლავია, მათი ენები პირფერობენ.
- 10
განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; უკუაგდე ისინი თავიანთი ცოდვების სიმრავლისთვის, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.
- 11
გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.
- 12
რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.