ფსალმუნები 59
- 1
გუნდის ლოტბარს, შუშან-ყედუთის როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს; და დაბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე. ღმერთო, მიგვატოვე, გაგვაპარტახე, გაგვირისხდი, კვლავ აღგვადგინე.
- 2
შეაზანზარე მიწა, გაკვეთე; განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა.
- 3
აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული.
- 4
მიეცი შენს მოშიშებს დროშა ასაფრიალებლად ჭეშმარიტებისათვის. სელა.
- 5
რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, იხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.
- 6
ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: „ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და სუქოთის დაბლობს მივუზომავ“.
- 7
ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი.
- 8
მოაბი ქვაბია ჩემი განსაბანი, ედომზე ჩემს ფეხსაცმელს გავიშვერ; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.
- 9
ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?
- 10
თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან.
- 11
მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.
- 12
ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს მტრებს.