ფსალმუნები 58
- 1
გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი,როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ,რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემს წინააღმდეგ აღმდგართაგან.
- 2
მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
- 3
რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
- 4
უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.
- 5
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. სელა.
- 6
დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს.
- 7
აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
- 8
ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
- 9
მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
- 10
ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.
- 11
ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
- 12
მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის.
- 13
მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა.
- 14
დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
- 15
დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
- 16
ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
- 17
სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.