ფსალმუნები 57
- 1
გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი. ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო?
- 2
არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.
- 3
გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.
- 4
მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.
- 5
რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.
- 6
ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
- 7
გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
- 8
ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.
- 9
ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს.
- 10
გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
- 11
და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.