ფსალმუნები 54
- 1
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
- 2
ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები,
- 3
მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან.
- 4
ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს.
- 5
შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს.
- 6
და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი.
- 7
აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა.
- 8
ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან.
- 9
მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
- 10
დღედაღამ გარეუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით.
- 11
ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა.
- 12
რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი;
- 13
შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი.
- 14
ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით.
- 15
დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.
- 16
ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
- 17
საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას.
- 18
მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემს წინააღმდეგ ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი.
- 19
მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი, სელა; რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა.
- 20
ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, დაარღვიეს აღთქმა.
- 21
ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.
- 22
მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.
- 23
ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.