მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 51

  1. 1

    გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა. როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა,რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა.

  2. 2

    ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.

  3. 3

    გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა.

  4. 4

    გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;

  5. 5

    ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.

  6. 6

    ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:

  7. 7

    აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.

  8. 8

    ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.

  9. 9

    გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე.