ფსალმუნები 50
- 1
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ,როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
- 2
მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
- 3
რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
- 4
შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
- 5
აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
- 6
აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
- 7
მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
- 8
მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
- 9
სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
- 10
სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
- 11
ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
- 12
დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
- 13
ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
- 14
მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
- 15
უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
- 16
რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
- 17
შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
- 18
კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
- 19
მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.