ფსალმუნები 49
- 1
ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.
- 2
სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.
- 3
მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.
- 4
გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:
- 5
შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.
- 6
და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. სელა.
- 7
ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.
- 8
მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.
- 9
არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.
- 10
რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
- 11
ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.
- 12
თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
- 13
ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?
- 14
მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
- 15
და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- 16
ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?
- 17
შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.
- 18
როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.
- 19
პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.
- 20
დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.
- 21
ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.
- 22
ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით.
- 23
მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.