ფსალმუნები 48
- 1
გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,
- 2
უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.
- 3
ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.
- 4
ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
- 5
რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?
- 6
თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
- 7
ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.
- 8
ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.
- 9
რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.
- 10
რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
- 11
გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.
- 12
ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
- 13
ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.
- 14
ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
- 15
ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.
- 16
არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.
- 17
რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.
- 18
თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.
- 19
მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.
- 20
ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.