ფსალმუნები 47
- 1
ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
- 2
ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
- 3
ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.
- 4
რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.
- 5
ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.
- 6
ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით.
- 7
აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი.
- 8
როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა.
- 9
ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
- 10
ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
- 11
დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სამართლის გამო;
- 12
ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
- 13
გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
- 14
რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.