მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 45

  1. 1

    გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.

  2. 2

    ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.

  3. 3

    იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.

  4. 4

    მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.

  5. 5

    ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.

  6. 6

    ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.

  7. 7

    ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.

  8. 8

    მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.

  9. 9

    შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.

  10. 10

    შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.

  11. 11

    ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.