ფსალმუნები 44
- 1
გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა.
- 2
ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
- 3
წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
- 4
და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
- 5
შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
- 6
ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
- 7
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
- 8
მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
- 9
მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
- 10
მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
- 11
და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
- 12
და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
- 13
მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
- 14
მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
- 15
მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.
- 16
შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.
- 17
გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.