ფსალმუნები 134
- 1
ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
- 2
რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.
- 3
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
- 4
რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.
- 5
რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.
- 6
ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
- 7
ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
- 8
რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.
- 9
მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.
- 10
რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -
- 11
სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.
- 12
და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
- 13
უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.
- 14
რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
- 15
ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
- 16
პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
- 17
ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
- 18
მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
- 19
ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!
- 20
ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!
- 21
კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!