მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 118

  1. 1

    ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.

  2. 2

    ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.

  3. 3

    არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;

  4. 4

    შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.

  5. 5

    ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.

  6. 6

    მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.

  7. 7

    განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.

  8. 8

    შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,

  9. 9

    რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.

  10. 10

    მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.

  11. 11

    გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.

  12. 12

    კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.

  13. 13

    ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.

  14. 14

    შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.

  15. 15

    შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.

  16. 16

    შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.

  17. 17

    კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.

  18. 18

    აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.

  19. 19

    მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.

  20. 20

    მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.

  21. 21

    შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.

  22. 22

    ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.

  23. 23

    დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.

  24. 24

    შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.

  25. 25

    მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.

  26. 26

    გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.

  27. 27

    გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.

  28. 28

    დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.

  29. 29

    გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.

  30. 30

    გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.

  31. 31

    მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.

  32. 32

    შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.

  33. 33

    მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.

  34. 34

    გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.

  35. 35

    დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.

  36. 36

    განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.

  37. 37

    ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.

  38. 38

    დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.

  39. 39

    ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.

  40. 40

    აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.

  41. 41

    მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.

  42. 42

    და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.

  43. 43

    ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.

  44. 44

    დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.

  45. 45

    ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.

  46. 46

    ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.

  47. 47

    გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;

  48. 48

    ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.

  49. 49

    გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.

  50. 50

    ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.

  51. 51

    ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.

  52. 52

    ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.

  53. 53

    თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.

  54. 54

    სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.

  55. 55

    ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.

  56. 56

    ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.

  57. 57

    ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.

  58. 58

    გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.

  59. 59

    ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.

  60. 60

    ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.

  61. 61

    ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.

  62. 62

    შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.

  63. 63

    თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.

  64. 64

    შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.

  65. 65

    კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.

  66. 66

    კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.

  67. 67

    ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.

  68. 68

    კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.

  69. 69

    ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.

  70. 70

    დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.

  71. 71

    კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.

  72. 72

    უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.

  73. 73

    შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.

  74. 74

    მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.

  75. 75

    ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.

  76. 76

    დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.

  77. 77

    მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.

  78. 78

    შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.

  79. 79

    დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.

  80. 80

    იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.

  81. 81

    დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.

  82. 82

    დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?

  83. 83

    ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.

  84. 84

    რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?

  85. 85

    გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.

  86. 86

    ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.

  87. 87

    ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.

  88. 88

    შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.

  89. 89

    უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.

  90. 90

    თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.

  91. 91

    შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.

  92. 92

    რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.

  93. 93

    უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.

  94. 94

    შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.

  95. 95

    მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.

  96. 96

    ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.

  97. 97

    რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.

  98. 98

    ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.

  99. 99

    ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.

  100. 100

    მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.

  101. 101

    ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.

  102. 102

    შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.

  103. 103

    რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.

  104. 104

    შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.

  105. 105

    ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.

  106. 106

    დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.

  107. 107

    დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.

  108. 108

    აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.

  109. 109

    სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.

  110. 110

    დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.

  111. 111

    დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.

  112. 112

    მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.

  113. 113

    ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.

  114. 114

    თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.

  115. 115

    შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.

  116. 116

    შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.

  117. 117

    შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.

  118. 118

    მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.

  119. 119

    როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.

  120. 120

    თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.

  121. 121

    ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.

  122. 122

    გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.

  123. 123

    დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.

  124. 124

    მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.

  125. 125

    მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.

  126. 126

    ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.

  127. 127

    ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.

  128. 128

    ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.

  129. 129

    საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.

  130. 130

    საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.

  131. 131

    პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.

  132. 132

    მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.

  133. 133

    ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.

  134. 134

    გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.

  135. 135

    შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.

  136. 136

    წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.

  137. 137

    მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.

  138. 138

    ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.

  139. 139

    დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.

  140. 140

    ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.

  141. 141

    მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.

  142. 142

    სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.

  143. 143

    განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.

  144. 144

    სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.

  145. 145

    მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.

  146. 146

    შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.

  147. 147

    ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.

  148. 148

    ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.

  149. 149

    ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.

  150. 150

    მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.

  151. 151

    ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.

  152. 152

    ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.

  153. 153

    იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.

  154. 154

    გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.

  155. 155

    შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.

  156. 156

    წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.

  157. 157

    ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.

  158. 158

    ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.

  159. 159

    ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.

  160. 160

    საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.

  161. 161

    მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.

  162. 162

    ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.

  163. 163

    სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.

  164. 164/165

    დღეში შვიდგზის გაქებ შენ ,სიმართლის სამართალთათვის. 165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.

  165. 166

    იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.

  166. 167

    იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.

  167. 168

    ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.

  168. 169

    მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.

  169. 170

    მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.

  170. 171

    წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.

  171. 172

    იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა.

  172. 173

    იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.

  173. 174

    ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.

  174. 175

    იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.

  175. 176

    დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.