ფსალმუნები 117
- 1
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 2
იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 3
იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 4
იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.
- 5
სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
- 6
უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
- 7
უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.
- 8
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
- 9
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
- 10
ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- 11
გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- 12
გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- 13
დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.
- 14
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.
- 15
ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
- 16
უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
- 17
არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
- 18
დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
- 19
გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
- 20
ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.
- 21
გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
- 22
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
- 23
უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
- 24
ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
- 25
გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
- 26
კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
- 27
ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.
- 28
ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.
- 29
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.