ფსალმუნები 113
- 1
როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
- 2
გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.
- 3
ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.
- 4
მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.
- 5
რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?
- 6
მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?
- 7
უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,
- 8
რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.
- 9
ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.
- 10
რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?
- 11
ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
- 12
მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
- 13
პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
- 14
ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
- 15
ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
- 16
მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
- 17
ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
- 18
აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
- 19
მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
- 20
უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
- 21
აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
- 22
დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
- 23
კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
- 24
ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
- 25
არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
- 26
არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!