ფსალმუნები 106
- 1
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 2
იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.
- 3
და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან.
- 4
აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი.
- 5
შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა.
- 6
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
- 7
და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.
- 8
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
- 9
რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
- 10
მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.
- 11
რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
- 12
მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
- 13
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
- 14
გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა.
- 15
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
- 16
რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.
- 17
ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ.
- 18
ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
- 19
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
- 20
მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
- 21
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
- 22
შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
- 23
ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
- 24
მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
- 25
ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
- 26
ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება.
- 27
წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
- 28
და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან გამოიყვანა.
- 29
გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
- 30
გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
- 31
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
- 32
დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან.
- 33
გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
- 34
ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
- 35
გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
- 36
დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად.
- 37
დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ.
- 38
აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
- 39
დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილისაგან.
- 40
სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
- 41
გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
- 42
ნახავენ წმიდანები და გაიხარებენ და ყოველგვარ სიმრუდეს პირი აეკვრება.
- 43
ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა.