ფსალმუნები 105
- 1
ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
- 2
ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
- 3
ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
- 4
გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.
- 5
რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
- 6
შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
- 7
ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
- 8
მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
- 9
და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
- 10
და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
- 11
წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
- 12
და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
- 13
აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
- 14
და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
- 15
და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
- 16
და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
- 17
გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
- 18
და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
- 19
გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
- 20
და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
- 21
დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
- 22
საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
- 23
დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
- 24
მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
- 25
დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
- 26
მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
- 27
და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
- 28
დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
- 29
განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
- 30
წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
- 31
ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
- 32
გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
- 33
რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
- 34
არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
- 35
აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
- 36
ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
- 37
შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
- 38
დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
- 39
შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
- 40
მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
- 41
და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
- 42
ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
- 43
მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
- 44
იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
- 45
გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
- 46
აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
- 47
გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
- 48
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!