ფსალმუნები 104
- 1
ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
- 2
აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
- 3
განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
- 4
ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
- 5
გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
- 6
შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
- 7
ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
- 8
ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,
- 9
რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან.
- 10
დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს - სამარადჟამო აღთქმად.
- 11
უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
- 12
როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი შეხიზნულები იქ,
- 13
იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან.
- 14
არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს:
- 15
არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.
- 16
და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა. 17 გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
- 17
გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
- 18
გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.
- 19
ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
- 20
გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი - გამგებელი ხალხებისა - და გამოიხსნა იგი.
- 21
დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა.
- 22
რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.
- 23
და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
- 24
და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად.
- 25
შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.
- 26
გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
- 27
დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.
- 28
მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე,
- 29
გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები.
- 30
აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი.
- 31
თქვა და მოვიდნენ მწერები, ტილი მთელ მათ საზღვრებში.
- 32
წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი - მათ ქვეყანას.
- 33
მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი და დალეწა ხეები მათ საზღვრებში.
- 34
თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,
- 35
და გადაჭიმეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადაჭიმეს მთელი ნაყოფი მათი მიწისა.
- 36
და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.
- 37
და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.
- 38
გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში.
- 39
გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად.
- 40
ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
- 41
გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
- 42
რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ.
- 43
გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.
- 44
მისცა მათ წარმართთა ქვეყნები და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ.
- 45
რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ადიდეთ უფალი!