ფსალმუნები 103
- 1
აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
- 2
გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
- 3
წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
- 4
რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
- 5
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
- 6
უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
- 7
შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
- 8
ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
- 9
საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
- 10
გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
- 11
დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
- 12
მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
- 13
რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
- 14
აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
- 15
და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
- 16
გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
- 17
რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
- 18
მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
- 19
შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
- 20
განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
- 21
ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
- 22
ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
- 23
გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
- 24
რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
- 25
ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
- 26
იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
- 27
ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
- 28
მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
- 29
დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
- 30
გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
- 31
იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
- 32
დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
- 33
ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
- 34
ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
- 35
გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!