ფსალმუნები 102
- 1
დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
- 2
ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.
- 3
ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
- 4
საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
- 5
სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
- 6
სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.
- 7
აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი.
- 8
შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
- 9
არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
- 10
არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.
- 11
რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
- 12
როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
- 13
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
- 14
რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
- 15
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
- 16
ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
- 17
ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
- 18
ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც.
- 19
უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს.
- 20
ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს.
- 21
ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო.
- 22
ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.