ფსალმუნები 101
- 1
ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.
- 2
ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.
- 3
რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
- 4
დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.
- 5
ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
- 6
ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.
- 7
უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
- 8
ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.
- 9
რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
- 10
შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.
- 11
ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.
- 12
შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.
- 13
შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
- 14
რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.
- 15
შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
- 16
რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.
- 17
მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
- 18
დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
- 19
რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.
- 20
რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
- 21
რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.
- 22
როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
- 23
გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
- 24
ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;
- 25
უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
- 26
ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
- 27
შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.
- 28
ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.