იობი 7
- 1
"განა ბრძოლა არაა კაცის ყოფა ამ მიწაზე? მოჯამაგირის დღეებივით არ არის მისი დღენი?
- 2
მონასავით მიელტვის ჩრდილს და მოჯამაგირესავით მოუთმენლად ელის თავის გასამრჯელოს,
- 3
ასე მერგო ამაოების თვეები და წილად მხვდა ტანჯვის ღამეები.
- 4
დაწოლისას ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და ბორგვით ვიღლები განთიადამდე.
- 5
მატლებით და მტვრით შეიმოსა ჩემი ხორცი, კანი ჩემი სკდება და ლპება.
- 6
ჯარაზე სწრაფად მიჰქრიან ჩემი დღეები და უიმედობაში იწურებიან.
- 7
გახსოვდეს, ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე და თვალი ჩემი სიკეთეს აღარ იხილავს.
- 8
ვეღარ მიხილავენ თვალები, რომლებიც მიყურებენ, აჰა, შემომხედავ და - აღარ ვიქნები!
- 9
როგორც ღრუბელი ქრება და იკარგება, ასე ჩადის კაცი შავეთში და აღარ ამოდის,
- 10
აღარ დაუბრუნდება თავის სახლს და აღარც მას იცნობს მისი ადგილი.
- 11
ამიტომ, არც მე შევაჩერებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ ჩემი სულის წუხილით, და ვიწუწუნებ სიცოცხლეგამწარებული.
- 12
განა ზღვა ვარ ან ზღვის ურჩხული, გუშაგები რომ დამიყენე?
- 13
თუ ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი სარეცელი ან ჩემი საგებელი შემიმსუბუქებს-მეთქი მწუხარებას,
- 14
სიზმრებით მაძრწუნებ და ხილვებით მაშინებ,
- 15
ისე, რომ სული ჩემი მოგუდვას ამჯობინებს და სიკვდილს - ვიდრე ჩემს ძვლებში ყოფნას.
- 16
მომბეზრდა - უკუნისამდე ხომ არ ვიცოცხლებ?! დამეხსენ, რადგან ამაოებაა ჩემი დღეები!
- 17
რა არის კაცი, ასე რომ განადიდებ და მისკენ მიგიპყრია გულისყური?
- 18
ყოველ დილას რომ ინახულებ და სცდი ყოველ წამს?
- 19
როდის მომაშორებ მზერას და დამეხსნები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
- 20
მე თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამიანთა გუშაგო? რატომ დამისვი სამიზნედ, ისე რომ, საკუთარ თავსაც ტვირთად ვექეცი?
- 21
რად არ მომიტევებ შეცოდებას და არ განმაშორებ ჩემს დანაშაულს? რადგან, ცოტაც და დავწვები მტვერში, ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!"