იობი 8
- 1
მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
- 2
"როდემდე ილაპარაკებ ასე? მძვინვარე ქარია შენი პირის სიტყვები!
- 3
ნუთუ აუკუღმართებს ღმერთი სამართალს და სიმართლეს - ყოვლადძლიერი?!
- 4
თუ შენმა ძეებმა შესცოდეს, მან მათსავე ურჯულოებას გადასცა ისინი.
- 5
შენ რომ ღმერთი გეძებნა და ყოვლადძლიერს შევედრებოდი,
- 6
სუფთა და ალალმართალი რომ ყოფილიყავი, უსათუოდ იფხიზლებდა შენთვის და შენი სიმართლის სამყოფელს აღგიდგენდა.
- 7
და თუ შენი დასაწყისი უმნიშვნელო იყო, შენი დასასრული ძლიერ გამრავლდებოდა.
- 8
აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების სიბრძნე;
- 9
რადგან გუშინდელნი ვართ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები დედამიწაზე.
- 10
განა არ გასწავლიან, არ გეტყვიან და გულიდან არ ამოიღებენ სიტყვებს?
- 11
თუ იზრდება ჭილი უჭაობოდ? ან ლერწამი - უწყლოდ?
- 12
ჯერ კიდევ მწვანეა იგი და მოუჭრელი, და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.
- 13
ასევეა ყველას ბილიკი, ვინც ივიწყებს ღმერთს და გაქრება უღვთოთა იმედი,
- 14
რადგან წარიკვეთება მისი გაბედულება, მისი იმედი ობობას ქსელივითაა.
- 15
თავის სახლზეა დანდობილი და ვერ უძლებს, ეჭიდება და ვერ იჭერს.
- 16
მზის გულზე ყვავის იგი და ყლორტები ბაღნარზე აქვს გადმოშლილი.
- 17
ქვების გროვაში ჩახლართულა მისი ფესვები, ქვის ლოდებში დაუდევს ბინა.
- 18
თუ აღმოფხვრიან თავისი ადგილიდან, უარყოფს მას: არასოდეს მინახიხარო!
- 19
აჰა, ეს არის მისი გზის სიხარული! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.
- 20
ღმერთი არ უკუაგდებს უმწიკვლოს და ბოროტმოქმედს არ შეეწევა.
- 21
ისევ აგივსებს პირს სიცილით და ბაგეებს სიხარულის ყიჟინით.
- 22
შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან და ურჯულოთა კარავი აღარ იქნება!”