იობი 6
- 1
მიუგო იობმა და თქვა:
- 2
"ოჰ, რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთიანად დადებულიყო სასწორზე,
- 3
ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა იგი, ამიტომაა ნაჩქარევი ჩემი სიტყვები.
- 4
რადგან ყოვლადძლიერის ისრები მაქვს ჩარჭობილი და მათ გესლს სვამს ჩემი სული. ღვთის საშინელებანი დაეწყვნენ ჩემს წინააღმდეგ.
- 5
თუ იყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ იბღავლებს ხარი თივის ზვინის წინ?
- 6
თუ ჭამენ უგემურს, უმარილოდ და თუ აქვს გემო კვერცხის ცილას?
- 7
გული არ მიმდის მათზე, მწუხარებისაა ჩემი პური.
- 8
ოჰ, რომ ახდებოდეს ჩემი სათხოვარი, და სანატრელს მომაგებდეს ღმერთი!
- 9
ნეტავ ინებოს და დამლეწოს უფალმა, გამოიწოდოს ხელი და გამკვეთოს.
- 10
ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში და ულმობელ სატკივარში გავიხარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
- 11
რადგან რა არის ჩემი ძალა, რომ მისი იმედი ვიქონიო? რა არის ჩემი ბოლო, რომ სიცოცხლე ვინატრო?
- 12
განა ქვის სიმტკიცეა ჩემი სიმტკიცე? განა სპილენძისაა ჩემი ხორცი?
- 13
აღარც რაიმე ძალა შემრჩა ჩემში და ყოველგვარი შეწევნაც გამშორდა.
- 14
სასოწარკვეთილს თავისი მოყვასისგან აქვს თანაგრძნობა, თუნდაც მიტოვებული ჰქონდეს ყოვლადძლიერის შიში.
- 15
გაუჩინარდნენ ჩემი მეგობრები დამშრალი წყაროებივით და მათი კალაპოტებივით,
- 16
ყინულისგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მათში.
- 17
დათბება და გაქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე გაუჩინარდებიან;
- 18
იცვლიან კალაპოტებს, არარაობაში მიედინებიან და იღუპებიან.
- 19
მათ დაჰყურებდნენ თემას ქარავნები, მათი იმედი ჰქონდათ შებას მოგზაურებს.
- 20
გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ.
- 21
ახლა თქვენც მათი მსგავსნი გახდით, იხილეთ საშინელება და შეგეშინდათ.
- 22
განა გითხარით, რამე მომიტანეთ-მეთქი, ან თქვენი ქონებიდან ქრთამი გაეცით-თქო ჩემთვის?
- 23
ან დამიხსენით-მეთქი მტრის ხელიდან? ან გამომისყიდეთ-თქო მჩაგვრელთა ხელიდან?
- 24
მასწავლეთ და დავდუმდები, რაში შევცდი, გამაგებინეთ.
- 25
რა მტკივნეულია წრფელი სიტყვა, მაგრამ რას ადასტურებს თქვენი ლაპარაკი?
- 26
ჩემი სიტყვების განსჯა გწადიათ, მაგრამ ქარს ეკუთვნის სასოწარკვეთილი ადამიანის ნათქვამი!
- 27
ობოლზეც კი იყრიდით წილს და ორმოს გაუთხრიდით საკუთარ მეგობარს.
- 28
ახლა ინებეთ და შემომხედეთ, ნახეთ, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე.
- 29
მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნება უსამართლობა. მობრუნდით, ჯერ კიდევ აქ არის ჩემი სიმართლე.
- 30
განა არის ჩემს ენაზე უმართლობა? ნუთუ ვერ არჩევს მზაკვრულად შეთხზულს სასა ჩემი?